ترجمة سورة النساء

الترجمة الجورجية
ترجمة معاني سورة النساء باللغة الجورجية من كتاب الترجمة الجورجية .

ეი, ადამიანებო! რიდი გქონდეთ თქვენი ღმერთისა, რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისაგან, შემდეგ მისგან მისი მეუღლე გააჩინა და მათგან უამრავი კაცი და ქალი გაამრავლა. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, რომლის სახელითაც სურვილებს უცხადებთ ერთმანეთს, და ნათესაური კავშირის გაწყვეტასაც უფრთხილდით. უთუოდ, ალლაჰი გმეთვალყურეობთ.
მიეცით ობლებს თავიანთი ქონება (როცა სრულწლოვანნი გახდებიან), არ გადაცვალოთ * სპეტაკი (ჰალალი) უწმინდურში (ჰარამით) და არც ქონება მიირთვათ მათი – თქვენს ქონებასთან ერთად. უთუოდ, დიდი ცოდვაა ეგ.
____________________
*მათი ქონების კარგი ნაწილი თქვენი უვარგისი ქონებით არ ჩაანაცვლოთ.
და თუ შიშობთ, რომ ვერ დაიცავთ სამართლიანობას* ობლებთან (ქვრივთან ქორწინების შემთხვევაში), მაშინ იმ ქალებიდან, ვინც ჰალალია თქვენთვის, – შეირთეთ ორი, სამი ან ოთხი; ხოლო თუ შიშობთ, რომ ვერ დაიცავთ სამართლიანობას (მათ შორის), მაშინ – ერთი (იკმარეთ) ან ის, რასაც ფლობს თქვენი მარჯვენა**. ეს ყველაზე კარგი ხერხია, რომ არ გადაიხაროთ (უსამართლობისკენ).
____________________
*თაფსირებში ამ აიათის განმარტების რამდენიმე ვერსია არსებობს: 1. როდესაც მორწმუნეთა დედას, აიშას رضي الله عنها, ამ აიათის შესახებ ჰკითხეს, მან ასე განმარტა: „აიათში ხსენებული ობოლი მეურვის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ობოლი გოგოა, რომელიც ამავდროულად მეურვეს ქონების მეწილეა. ობლის ქონებასა და სილამაზეს დახარბებული მეურვე ცდილობს, ნაკლები მეჰრითა და სხვა პასუხისმგებლობებით შეირთოს იგი და მის ქონებას დაეპატრონოს. ეს აიათი კრძალავს ამგვარი ზრახვებით ობლების ცოლად შერთვას (ბუხარი, თაფსირ, ჰ.ნ. 4574.).
2.ისლამამდელ პერიოდში არაბებში გავრცელებული მრავალცოლიანობის წეს–ჩვეულებას საზღვარი არ ჰქონდა. ზოგიერთებს ათი და უფრო მეტი ცოლი ყავდა. ამიტომ ეს აიათი მათ მიმართავს: ეი, ადამიანებო! როგორც ობლებთან მიმართებაში შიშობთ, რომ მათი ქონების განკარგვისას სამართლიანად ვერ მოიქცევით, ასევე ქალების მიმართაც ალლაჰის შიში იქონიეთ. მათგან მხოლოდ იმდენი შეირთეთ, რომელთა შორისაც სამართლიანად მოპყრობას შეძლებთ. ეს შეიძლება იყოს ორი, სამი ან არაუმეტეს ოთხი; ხოლო თუ შიშობთ რომ ვერ შეძლებთ მათ შორის სამართლიან მოპყრობას, – ერთი იკმარეთ; ან თუ ამასაც ვერ შეძლებთ, მაშინ მხევალით დაკმაყოფილდით (იხ. თაფსირუ ტაბერი.).
**მხევალი.
მაშ, კეთილი ნებით მიეცით ქალებს თავიანთი მეჰრი, ხოლო ისინი თუ თავიანთი ნებით იქიდან რამეს დაგითმობენ, მაშინ შერგებულად მიირთვით იგი.
ნუ მიანდობთ თქვენს (მეურვეობაში მყოფ) ქონებას ჭკუასუსტებს*, რისი განკარგვაც ალლაჰს თქვენთვის მოუბარებია; დააპურეთ და შემოსეთ იმით და კეთილი სიტყვა უთხარით მათ.
____________________
*მცირეწლოვნებსა და განსჯის უნარის უქონელთ
გამოსცადეთ ობლები შეუღლების ასაკამდე და როცა დარწმუნდებით მათ ზრდასრულობაში, – მაშინ დაუბრუნეთ თავიანთი ქონება. არ შეჭამოთ იგი ნაჩქარევად – მფლანგველობითა და მათი ზრდასრულობის შიშით. ვინც მდიდარია, თავი შეიკავოს, ხოლო ვინც ღარიბია, მან ზომიერად მიირთვას*. როცა თავიანთ ქონებას უკან დაუბრუნებთ, მოწმე თან იყოლიეთ... და ალლაჰი კმარა ანგარიშმგებად.
____________________
*რაც აუცილებელია მათი მზრუნველობის ან სამეურვეო ჯამაგირისთვის.
ვაჟიშვილებს წილი ერგებათ მშობლებისა და ნათესავების დანატოვარიდან; და ქალიშვილებს წილი ერგებათ მშობლებისა და ნათესავების დანატოვრიდან, მიუხედავად იმისა, ცოტა იქნება თუ ბევრი; – გარკვეული წილი აუცილებელია.
როცა მემკვიდრეობის გაყოფას ესწრებიან ნათესავები, ობლები და უპოვრები*, – მათაც უწილადეთ იმისგან და კეთილი სიტყვა უთხარით.
____________________
*რომლებსაც მემკვიდრეობიდან წილი არ ერგებათ.
(ობლებთან დაკავშირებით) შიში ჰქონდეთ* იმათ, რომელნიც დარდობენ, რომ ვაითუ (გარდავიცვალოთ და) უკან უძლური შთამომავლობა დაგვრჩესო. რიდი ჰქონდეთ ალლაჰისა და მხოლოდ კეთილი სიტყვა თქვან.
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც უსამართლოდ ჭამენ ობოლთა ქონებას, – მხოლოდ ცეცხლს შეჭამენ თავიანთ მუცლებში და ცეცხლში შევლენ ისინი, აგიზგიზებულში.
შვილებთან დაკავშირებით ალლაჰი გიწესებთ: ვაჟს – ორი ქალიშვილის წილის თანაბარი ერგება; ხოლო თუ ქალიშვილები ორზე მეტნი იქნებიან (და არცერთი ვაჟი), მაშინ მათ მემკვიდრეობის ორი მესამედი ერგებათ; ხოლო თუ მხოლოდ ერთი ქალიშვილია, მაშინ მას ნახევარი ერგება; თუ შვილი ჰყავს (გარდაცვლილს), მაშინ მის მშობლებს, თითოეულს, – მემკვიდრეობის მეექვსედი; ხოლო თუ არ ჰყავს (შვილი) და მხოლოდ მშობლები არიან მისი მემკვიდრეები, მაშინ დედას მესამედი ერგება (დანარჩენი მამას დარჩება); და თუ დედმამიშვილებიც ჰყავს (გარდაცვლილს), მაშინ დედა მეექვსედს მიიღებს. ეს ყოველივე მხოლოდ ანდერძის აღსრულების* ან ვალის გასტუმრების შემდეგ უნდა შესრულდეს. თქვენ არ იცით, ვინ უფრო სარგებლიანია თქვენთვის – თქვენი მამები თუ თქვენი შვილები. ეს ყველაფერი ალლაჰის დადგენილი ვალდებულებებია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ყოვლისმცოდნე**.
____________________
*მუსლიმს ანდერძით თავისი დანაზოგის მხოლოდ ერთი მესამედის გადაცემა შეუძლია თავის სასურველ პირებზე, დანარჩენი – აუცილებელია, მემკვიდრეებზე გადანაწილდეს.
**ისლამის მემკვიდრეობითი სამართალი მიმართულია სამემკვიდრეო წილებსა და საოჯახო პასუხისმგებლობებს შორის ბალანსის დამყარებაზე; ვისაც მეტი ხარჯვითი ვალდებულებები აკისრია, ის – მეტს, ხოლო ვისაც ნაკლები ხარჯვითი ვალდებულებები აკისრია, ის – ნაკლებ წილს ღებულობს. ისლამის საოჯახო სამართლის თანახმად, ქორწინებისას, მაჰრი და სხვა საქორწინო ხარჯები – მამაკაცმა უნდა გაიღოს. ქორწინების შემდეგაც, მეუღლეზე, შვილებზე და გაჭირვებულ ახლო ნათესავებზე ზრუნვა, მათი შემოსვა, დაპურება, დაბინავება, ჯანდაცვა და განათლება – მამაკაცს ეკისრება. აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, მემკვიდრეობიდან მამაკაცი ქალთან შედარებით მეტ წილს ღებულობს.
თქვენ გერგებათ თქვენი ცოლების დანატოვრის ნახევარი, თუ არ ჰყავთ მათ შვილი; ხოლო თუ შვილი ჰყავთ, მაშინ გერგებათ მათი დანატოვრის მეოთხედი – მას შემდეგ, როცა აღსრულდება ანდერძი ან/და მოიხდება ვალები; ასევე: მათ ერგებათ თქვენი დანატოვრის მეოთხედი, თუ შვილი არ გყავთ; ხოლო თუ შვილი გყავთ, მაშინ მათ ერგებათ თქვენი დანატოვრის მერვედი – მას შემდეგ, როცა აღსრულდება ანდერძი ან/და მოიხდება ვალები; თუ კაცს ან ქალს ისე ემემკვიდრეებიან, როგორც ქელაალე*, და მას ჰყავს (დედით) ძმა ან და**, მაშინ თითოეულ მათგანს მეექვსედი ერგება; ხოლო თუ ამაზე (ერთზე) მეტი იქნებიან, მაშინ ისინი თანაზიარნი იქნებიან მესამედში – მას შემდეგ, როცა თითოეულის დაუზარალებლად აღსრულდება ანდერძი ან მოიხდება ვალები: – (ეს) ალლაჰის მიერ დაწესებული ნორმებია; ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ლმობიერი.
____________________
*როდესაც გარდაცვლილს არც შვილები ყავს, არც მშობლები და მათ გარდა სხვა ნათესავები ემემკვიდრეებიან. თაფსირებში ამ ტერმინის განმარტებისას, რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას ვხვდებით: 1. ამ სიტყვით გარდაცვლილი მოიხსენება; 2. ეს გამოხატავს მემკვიდრეს, რომელიც ასეთ ვინმეს ემემკვიდრება; 3. ესაა სამემკვიდრეო ქონება. იხ. თაფსირუ ბაღავი.
**აქ იგულისხმება დედით ძმა ან და, ხოლო დედ-მამით ძმის ან დის მდგომარეობა ამავე სურას 176-ე აიათში იქნება განხილული.
ამგვარია საზღვრები ალლაჰისა, ხოლო ვინც ჰმორჩილებს ალლაჰსა და მის შუამავალს, (ალლაჰი) მას შეიყვანს სამოთხეებში, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინებიან. იქ იქნებიან მარადჟამს. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი.
ხოლო ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს და სცდება მის (ალლაჰის) საზღვრებს, – ცეცხლში შეიყვანს (ალლაჰი) მას, იქ იქნება მარადჟამს და მისთვისაა – სასჯელი დამამცირებელი.
მათ, ვინც იმრუშებენ თქვენი ქალებიდან, – მოწმედ დაუყენეთ ოთხი თქვენგანი; და თუ დაამოწმებენ, მაშინ სახლებში შეაკავეთ, ვიდრე სიკვდილი არ მიიბარებს მათ ან სხვა გამოსავალს არ დაადგენს ალლაჰი.
რომელი ორიც ამას ჩაიდენს თქვენგან, ორივე მათგანი სასჯელით დაამწუხრეთ; ხოლო თუ მოინანიეს, მაშინ მოეშვით! ჭეშმარიტად, ალლაჰი მონანულთა უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი*.
____________________
*მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, ამ ორ აიათში (15;16) მოცემული სასჯელის ფორმები ისლამის პირველ წლებში მოქმედებდა, ვიდრე მრუშობის სასჯელი საბოლოო ფორმას მიიღებდა. საბოლოოდ, სურა ნურ-ის მე–2 აიათის ჩამოვლინებითა და შუამავლის განმარტებებით, აღნიშნულ აიათებში მოცემული სასჯელის ფორმები გაუქმდა. ახალი დადგენილების თანახმად, დაუქორწინებელ მემრუშეებს ასი როზგი და ერთწლიანი გადასახლება, ხოლო დაქორწინებულებს – ჩაქოლვა ემუქრებოდათ. სწავლულთა ერთი ჯგუფი თვლის,(იხ: თაფსიირ მეფაათიიჰულ ღაიბ/ფახრუდდინ არ–რაზი), რომ ამ აიათებში მოცემული სასჯელის ფორმები არ გაუქმებულა. მათი აზრით, სასჯელის ეს ფორმები ერთსქესიანთა ურთიერთობებს ეხება, ამათგან პირველი – ქალების, ხოლო მეორე – კაცების სასჯელია.
ჭეშმარიტად, ალლაჰი იყაბულებს იმათ სინანულს, რომელნიც უმეცრებით სჩადიან უკეთურობას, მერე კი მალევე ნანობენ; სწორედაც იყაბულებს ალლაჰი მათ სინანულს. ალლაჰი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
არ მიიღება სინანული იმათი, რომლებიც უკეთურებას სჩადიან, ვიდრე რომელიმე მათგანს სიკვდილი არ მოუსწრებდეს და შემდეგ იტყოდეს, რომ ჭეშმარიტად, ახლა მოვინანიეო; და არც იმათი, რომლებიც ურწმუნოებად დაიხოცნენ. სწორედ მათთვის გავამზადეთ მწარე სასჯელი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის თქვენთვის ჰალალი, რომ იძულებით მოიქციოთ ქალები მემკვიდრეობაში* და ქორწინების უფლება შეუზღუდოთ, რათა წაართვათ იმის ნაწილი, რაც მათთვის მიგიციათ (მეჰრის სახით), გარდა იმ შემთხვევისა, თუკი აშკარა უზნეობა ჩაიდინეს. კეთილად მოეპყარით მათ, თუნდაც არ მოგწონდეთ ისინი. შესაძლოა, არ მოგწონდეთ რაღაც, მაგრამ ალლაჰს მასში დიდი სიკეთე ჰქონდეს ჩადებული.
____________________
*ისლამამდელ პერიოდში ქალი ნივთისგან არაფრით განსხვავდებოდა. გარდაცვლილის ცოლი გადადიოდა მემკვიდრეების მფლობელობაში, როგორც სამემკვიდრეო ქონება. ამის შემდეგ, მემკვიდრეების ხელში იყო მათი ბედი – ცოლად შეირთავდენ, სხვას მიათხოვებდენ თუ მთლიანად შეუზღუდავდენ ქორწინების უფლებას.
და თუ მოიწადინებთ, რომ ერთი ცოლის ნაცვლად შეირთოდ მეორე, და მათგან პირველისთვის* თუნდაც უთვალავი სიმდიდრე გქონდეთ მიცემული, – იქიდან არაფერი გამოართვათ! ნუთუ წაართმევთ მას ცილისწამებითა და ცხადი ბოროტებით?
____________________
*რომელთანაც გაყრა გწადიათ.
ან როგორღა წაართმევთ (როგორ იკადრებთ წართმევას), როცა თქვენ უკვე განუმარტოვდით ერთმანეთს და მათაც მტკიცე პირობა აიღეს თქვენგან?
არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენს მამებს ჰყავდათ შერთული, გარდა იმისა, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. უეჭველად, უზნეობა (ღვთის) წყრომის მიზეზია და ცუდი გზაა იგი.
თქვენთვის ჰარამია (რომ შეირთოთ): თქვენი დედები, ქალიშვილები, დები, მამიდები, დეიდები, ძმის ქალიშვილები, დის ქალიშვილები, (ის) ძიძები, რომლებმაც ძუძუ გაწოვათ, ძუძუმტე დები, თქვენი ცოლების დედები, (ის) გერი ქალიშვილები, რომლებიც თქვენს სახლში იზრდებიან, – იმ ცოლებიდან, რომლებსაც უკვე ეთანაცხოვრეთ, ხოლო თუ მათთან არ გიცხოვრიათ (და ისე გაეყარეთ), მაშინ (მათი შერთვა) არ არის ცოდვა თქვენთვის. ასევე (თქვენთვის ჰარამია), თქვენს შთამომავალ ვაჟთა ცოლები და ორი და რომ ერთდოულად შეირთოთ*, გარდა იმისა, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.
____________________
*ასევე, ალლაჰის შუამავალმა ﷺ აკრძალა ქალისა და მისი მამიდის ან დეიდის ერთდროულად, ერთი ქმრის ქორწინებაში ყოფნა. იხ. ბუხარი, ნიქაჰ 27/1509; მუსლიმ, ნიქაჰ 4/1408.
(გეკრძალებათ) ასევე გათხოვილი ქალები, გარდა იმისა, რაც მოიპოვა თქვენმა მარჯვენამ*. ეს ყველაფერი ალლაჰის მიერ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებებია, ხოლო აქ ჩამოთვლილის მიღმა რაც დარჩა, – თუ თქვენი ქონებით ეძიებთ პატიოსნურად (შერთვას) და არა სიძვის მიზნით, მაშინ ჰალალია. რა სარგებელიც მიიღოთ მათგან (შეუღლებით), შესაბამისი გადასახადიც მიეცით (მეჰრი). განსაზღვრული გადასახადის მიცემის შემდეგ თუ მორიგდებით ურთიერთკმაყოფილებით, – ამაში ცოდვა არ დაგედებათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.
____________________
*ბრძოლის ველზე ტყვედ აყვანილი ურწმუნო ქალები
ხოლო რომელ თქვენგანსაც არ ყოფნის სახსრები თავისუფალი მორწმუნე ქალების შესართავად, – ის მორწმუნე გოგო შეირთოს, რაც მოიპოვა მისმა მარჯვენამ. ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი რწმენის შესახებ, თქვენ ხომ ერთი–მეორისგან ხართ. მაშ, თუ იქნებიან პატიოსნად და არავის გაიჩენენ მემრუშედ და საყვარლად, – შეირთეთ ისინი თავიანთი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ მეჰრი წესისამებრ, ხოლო შეუღლების შემდეგ თუ იმრუშეს, – მათი სასჯელი თავისუფალი ქალების სასჯელის ნახევარია. ეს მათთვისაა,* ვისაც სიძვის ეშინია; რომ მოითმინოთ, უფრო ხეირიანია თქვენთვის. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.
____________________
* მხევლის შერთვა.
ალლაჰს უნდა, რომ ცხადად განგიმარტოთ*, დაგაყენოთ თქვენზე ადრე მყოფთა გზებზე და იყაბულოს თქვენი სინანული. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია.
____________________
*თავისი ბრძანებები და აკრძალვები
ალლაჰს უნდა, რომ თქვენი სინანული იყაბულოს, ხოლო ვნებებს აყოლილთ უნდათ, რომ დიდი ცდომილებით გადაიხაროთ (ჭეშმარიტებისგან).
ალლაჰს უნდა, რომ შეგიმსუბუქოთ, – ადამიანი ხომ სუსტ არსებადაა შექმნილი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეჭამოთ ერთმანეთის ქონება უსამართლოდ, ურთიერთკმაყოფილებით ვაჭრობის გარეშე, და არც თქვენი სულები დახოცოთ*. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა თქვენ მიმართ.
____________________
*არც თავი მოიკლათ და არც ერთმანეთი დახოცოთ
ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს მტრობითა და უსამართლობით, – ცეცხლში შევიყვანთ მას. ეს კი იოლია ალლაჰისთვის.
თუ დიდ ცოდვებს მოერიდებით, რომლებიც გეკრძალებათ, – მაშინ დავფარავთ თქვენს (მცირე) უკეთურობებს და სიუხვით გამორჩეულ შესასვლელში შეგიყვანთ.
და არ ისურვოთ ის, რითაც ალლაჰმა თქვენ შორის ზოგიერთი ზოგიერთზე უპირატესჰყო*. კაცები მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ; და ქალებიც მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ**. მაშ, ალლაჰს სთხოვეთ წყალობა, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
____________________
*ზოგიერთმა ქალმა თქვა: მამაკაცები ბრძოლის ველზე იბრძვიან, ისინი მემკვიდრეობიდან ორჯერ მეტ წილს ფლობენ, ვიდრე ჩვენ; ნეტა ჩვენც კაცებად გავჩენილიყავით, მათ მსგავსად გვებრძოლა და მემკვიდრეობიდან ჩვენც იგივე წილი მიგვეღო, რასაც ისინი ღებულობენო. ამის საპასუხოდ აღნიშნული აიათი ჩამოევლინა, რომელიც მორწმუნეებს ასწავლის, რომ არ შეშურდეთ სხვის ხელთ არსებული სიკეთეები, რომელიც ალლაჰმა უწყალობა მათ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
**იმქვეყნიურ საკითხებში ქალი და კაცი თანასწორია, ყველას თავისი ნამოქმედარის შესაბამისად მიეზღვება, განუსხვავებლად სქესისა.
ჩვენ თითოეულს დავუდგინეთ მემკვიდრეობა იმაში, რაც მშობლებსა და ნათესავებს დაუტოვებიათ მათთვის. ხოლო ვისთანაც ფიცი დაგიდვიათ, მათაც მიეცით კუთვნილი წილი*. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა.
____________________
*არაბებში გავრცელებული ადათის თანახმად, ერთმანეთთან დაახლოებული პირები შემდეგი შინაარსის ფიცს დებდნენ: ჩემი სისხლი შენი სისხლია, ჩემი შურისძიება შენი შურისძიებაა, ჩემი ომი შენი ომია, ჩემი მშვიდობა შენი მშვიდობაა, შენ ხარ ჩემი მემკვიდრე და მე ვარ შენი მემკვიდრე, მე მოვითხოვ შენგან და შენ მოითხოვ ჩემგან, შენ ჩემგან ჭკუა გესწავლება და მე შენგან ჭკუა მესწავლებაო. ასეთნაირად შეფიცულები ერთმანეთის მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ეს ადათი ისლამის პირველ წლებშიც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვიდრე სურა ენფალის 75-ე აიათი ჩამოევლინებოდა, რომელმაც მემკვიდრეობა ნათესაური კავშირით განსაზღვრა. იხ. თეფსირუ ბეღავი.
მამაკაცები ქალების მეურვეები არიან იმით, რაც ალლაჰმა მათზე მეტი უწყალობათ* და იმით, რასაც ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. პატიოსანი ქალები მორჩილნი არიან და თვალსმიფარებულ მდგომარეობაშიც კი იცავენ იმას, რაც ალლაჰის მხრიდანაა დაცული**, ხოლო რომელთა თავხედობასაც შიშობთ, მათ ჯერ შეაგონეთ***, შემდეგ საწოლიდან განუცალკევდით, ბოლოს კი (თუ წინა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო) მსუბუქად დაარტყით****, და თუ დაგმორჩილდებიან, – ნუღარ დაიწყებთ მიზეზების ძიებას მათ საწინააღმდეგოდ. ჭეშმარიტად ალლაჰი უზენაესი და უდიადესია.
____________________
*ძლიერი ფიზიკური აღნაგობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი
**ნამუსი, ცოლ-ქმრული საიდუმლოებანი და ქონება
***ალლაჰის შიში და ქმრის წინაშე არსებული პასუხისმგებლობები შეახსენეთ
****თუ ზემოთ აღნიშნული შეგონება და საწოლის განცალკევება უშედეგოდ ჩაივლის, მაშინ უკვე მსუბუქად დარტყმა განქორწინების თავიდან აცილებლების ბოლო მცდელობაა, რადგანაც განქორწინება გაცილებით მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე მსუბუქად დარტყმა. ეს არ გულისხმობს ფიზიკურ გასწორებას, შურისძიებას ან დასჯას; არამედ ეს არის გონს მოგებისა და გამოფხიზლების მცდელობა მაშინ, როცა მდგომარეობამ უკვე პიკს მიღწია და ოჯახის ერთიანობას უქმნის საფრთხეს. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „ქალების შესახებ ალლაჰის გეშინოდეთ, რადგანაც თქვენ ისინი ალლაჰის ამანათად გყავთ აყვანილი და მისივე სიტყვითვე მათთან თანაცხოვრების უფლება მოიპოვეთ. თქვენი უფლებაა, რომ თქვენი ოჯახის ღირსება არავის შეალახვინონ, რაც მოუწონარია თქვენთვის. და თუ მაინც ასე მოიქცევიან, მაშინ მსუბუქად დაარტყით“ (მუსლიმ, ჰაჯ, 19/1218.). საჰაბეების, თაბიინებისა და სწავლულების განმარტებებში აღნიშნულია, რომ მსუბუქად დარტყმა გულისხმობს თითებით, მისვაქით ან მოგრძოდ დაკეცილი ცხვირსახოცით შეხებას და დარტყმის იმიტირებას, რომელსაც არ ახლავს მოტეხილობა, ტკივილი და კვალი. აკრძალულია მსუბუქი დარტყმა სახის ან სხეულის სხვა სათუთი ადგილების მიმართულებით. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „ცოლს არავითარ შემთხვევაში სახეში არ გაარტყათ და არ დაამციროთ!“ (აბუ დავუდ, ნიქაჰ 42/2142.). სამწუხაროდ, როგორც ადრე, ასევე დღესაც, ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომელიც ცოლქმრული უთანხმოების ფონზე ვითარდება. ყურანის ამ აიათში, ერთის მხრივ, ოჯახის დანგრევის პრევენციის მცდელობას ვხედავთ, მეორეს მხრივ კი ცოლქმრული უთანხმოების მწვერვალია მოცემული, რომლის იქითაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს. აღნიშნული ზღვარის ზევით განქორწინების გარდა სხვა ნებისმიერი მოქმედება დანაშაულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ერთგვარი ზღვარი, სადამდეც შეიძლება მივიდეს ცოლქმრული უთანხმოება, თუმცა ალლაჰის შუამავალს ﷺ ესეც არ მიაჩნდა კარგი მუსლიმის საქციელად და ამბობდა: „თქვენ შორის ყველაზე ხეირიანები, ცოლებზე ხელს არ აღმართავენ.“ (ბეიჰაყი, სუნენ ალ-ქუბრაა, ჰ.ნ. 14776.). „თქვენ შორის ყველაზე ხეირიანი ისაა, ვინც ყველაზე კარგია თავისი ცოლის მიმართ და ცოლის მიმართ ყველა თქვენგანზე კარგი ურთიერთობის მქონე მე ვარ.“ (იბნი მაჯე, ნიქაჰ, ჰ.ნ. 2053.). ის ასევე ბრძანებს: „რომელიმე თქვენგანმა ქალი მონასავით არ გაროზგოს, რომელთანაც დღის ბოლოს დაწოლას აპირებს.“ (ბუხარი, ნიქაჰ 93/5204.). მორწმუნეთა დედა აიშა გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალს ﷺ არავითარ შემთხვევაში არ დაურტყამს არც ქალისთვის, არც მოსამსახურესათვის და არც ცხოველისათვის.“ (მუსლიმ, ფედაილ 20/2328.)
და თუ შიშობთ, რომ მათ შორის მოხდება განხეთქილება, მაშინ წარგზავნეთ ერთი მსაჯული ქმრის ოჯახიდან და მეორე მსაჯული ცოლის ოჯახიდან. თუკი ორივე გამოსწორებას ისურვებენ, ალლაჰი მათ თანხვედრაში მოიყვანს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა; ყოვლისმცნობი.
მაშ, იყავით ალლაჰის მოთაყვანენი და არაფერი უთანაზიაროთ... და კეთილი იყავით მშობელთა, ახლობელთა, ობოლთა, ღატაკთა, ახლო მეზობელთა*, შორეულ მეზობელთა**, გვერდში მდგომ მეგობართა***, მგზავრთა და იმათ მიმართ, ვისაც ფლობს თქვენი მარჯვენა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს იგი, ვინც თავმომწონე და მედიდურია.
____________________
*მეზობელი, რომელიც ამავე დროს ნათესავი ან მუსლიმია.
**მეზობელი, რომელიც არ არის ნათესავი ან არ არის მუსლიმი.
***თანამგზავრი ან მეუღლე.
– რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც სიძუნწეს მოუწოდებენ; მალავენ იმას, რაც მათთვის ალლაჰს უბოძებია თავისი წყალობიდან. ამიტომ დამამცირებელი სასჯელი გავამზადეთ ურწმუნოებისთვის;
– და ისინიც, რომელნიც ქონებას ხალხის დასანახად ხარჯავენ და არ სწამთ ალლაჰი, არც დღე უკანასკნელი; ასევე ის, ვისაც მეგობრად ეშმაკი ეყოლება. რაოდენ ცუდი მეგობარია იგი.
რა სიმძიმედ დააწვებოდათ, თუკი ირწმუნებდნენ ალლაჰსა და უკანასკნელ დღეს, და გაიღებდნენ იქიდან, რაც ალლაჰმა უწყალობა? ალლაჰმა ხომ ყველაფერი იცის მათ შესახებ.
ჭეშმარიტად, ალლაჰი ერთ სახე უსამართლობასაც არ იზამს, ხოლო ვინც რაიმე სიკეთეს იზამს, – გაუმრავალკეცებს მას და უდიდეს ჯილდოს მიაგებს თავისი წიაღიდან.
მაშინ კი რა მოხდება, როცა მოწმეებს მოვიყვანთ ყოველი თემიდან და შენც მოგიყვანთ მოწმედ ამათ წინააღმდეგ?!
– იმ დღეს, ვინც არ ირწმუნეს და შუამავალს ეურჩნენ, ისინი ინატრებენ, რომ მიწად ქცეულიყვნენ... და მათ ალლაჰს ერთი სიტყვაც კი ვერ დაუმალონ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ნამაზს მაშინ, როცა ხართ მთვრალი, – მანამ, ვიდრე არ გაგეგებათ, თუ რას ამბობთ; და არც უწმინდურობისას*, სანამ არ განიბანებით, გარდა მგზავრებისა**; ხოლო თუ ავად იქნებით, ან მგზავრობაში, ან საპირფარეშოდან გამოხვალთ, ან კიდევ ქალებს შეეხებით*** და წყალს ვერ იპოვით, მაშინ სუფთა მიწით თეიმმუმი**** გააკეთეთ და სახესა და ხელებზე ჩამოისვით. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა; უსაზღვროდ მპატიებელი.
____________________
*უსუფთაობა, რომელიც წარმოიქმნება: სქესობრივი კავშირით, ძილის დროს ან სხვა გზით სპერმის გადმოღვრისას; მშობიარობისა და დედათა წესის შემდეგ
**მგზავრს თუ არ აქვს განბანვის საშუალება, მაშინ თეიმმუმი უნდა გააკეთოს და ნამაზი ისე შეასრულოს
***სქესობრივი მიზნით შეხება ან უშუალო კავშირი
****უწყლობის ან არსებული წყლის გამოსაყენებლად არახელსაყრელ ვითარებაში, სუფთა მიწაზე ან მიწის ნაწარმზე ხელის გულებით ორჯერ შეხება და შემდეგ სახისა და მკვლავების გაწმენდა
განა ვერ ხედავ იმათ, ვისაც წილი ხვდა წიგნისა? გზააცდენილობას ყიდულობენ და უნდათ, რომ თქვენც ასცდეთ გზას.
ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი მტრები; კმარა ალლაჰი მფარველად და კმარა ალლაჰი დამხმარედ.
იუდეველთაგან ზოგიერთნი ადგილს უცვლიან სიტყვებს და ამბობენ: მოვისმინეთ და ვეურჩეთ; მოგვისმინე და არამც გსმენოდეს; რა’ინა* – ასე ამახინჯებენ მათი ენით, რათა შეურაცხყონ სარწმუნოება. მათ რომ ეთქვათ, მოვისმინეთ და დავემორჩილეთ; მოგვისმინე და მოგვხედეო, რათქმაუნდა ეს მათთვისვე უფრო ხეირიანი და სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ დასწყევლა ისინი ალლაჰმა თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ, გარდა მცირედისა.
____________________
*სიტყვა – „რა’ინაა“ (رعنا) წარმოებულია „რა’ა“ (رعى) ფუძიდან, რაც მზერის მიპყრობას, მზრუნველობას, ყურადღებასა და მომწყემსვას ნიშნავს. ეს სიტყვა მედინაში მცხოვრებ იუდეველთა ენაზე ან მათში გავრცელებულ არაბულ დიალექტზე ცუდი მნიშვნელობით გამოიყენებოდა და, ამგვარად, მათ გაუჩნდათ მუჰამმედ შუამავლის ﷺ აშკარად ლანძღვის საშუალება, რომელსაც მანამდე ფარულად აკეთებდნენ. ისინი მას მიმართავდნენ სიტყვით „რა’ინაა“, რომელიც ორაზროვანია: თითქოს დადებითი მნიშვნელობით ეუბნებოდნენ, არადა მისი მასხრად აგდება ქონდათ განზრახული.
ეი, თქვენ, რომელთაც წიგნი გებოძათ! ირწმუნეთ ის (ყურანი), რაც თქვენთან არსებულის (თორას) დამამოწმებლად ჩამოვავლინეთ, ვიდრე (თქვენი) სახეები წაგვიშლია და უკუ შეგვიბრუნებია, ან ვიდრე დაგვიწყევლია ისე, როგორც შაბათის ხალხი დავწყევლეთ. ალლაჰის ბრძანება აღსრულებადია.
ჭეშმარიტად, არ აპატიებს ალლაჰი, როცა მას უთანაზიარებენ, და ამის გარდა ყველაფერს პატიობს მათ, ვისაც მოისურვებს. და ვინც ალლაჰს უთანაზიარა, მან მართლაც დიდი ცოდვა დასწამა.
განა არ გინახავს ისინი, რომელთაც თავი უცოდველებად მოაქვთ? – პირიქით, ალლაჰი განწმენდს მას, ვისაც ისურვებს, და ფეთილისოდენა* უსამართლობასაც კი არ გადაეყრებიან.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ფეთიილ“ (الفتيل): ფინიკის კურკის ღარში გადაკრული წვრილი ძაფი, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი წონა, მოცულობა და ღირებულება არ გააჩნია. აიათი გვეუბნება, რომ ისინი იოტისოდენა უსამართლობასაც კი არ გადაეყრებიან.
შეხედე, როგორ თხზავენ სიცრუეს ალლაჰის შესახებ, და ეს საკმარისია აშკარა ცოდვის დადებისთვის.
განა ვერ ხედავ მათ, რემელთაც წილი ხვდათ წიგნიდან, – ჯიბთისა* და ტაღუთისა** სწამთ და ურწმუნოთა შესახებ ამბობენ, რომ ესენი უფრო ჭეშმარიტ გზაზე დგანან, ვიდრე ისინი, ვინც ირწმუნესო?!
____________________
*ორიგინალი – „ალ-ჯიბთ“ (الجبت): მუფესსირები ამ სიტყვას რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობით განმარტავენ, მაგალითად: ეს არის ყურეიშელთა ერთ-ერთი კერპის სახელი, ალლაჰის ნაცვლად სხვა ნებისმიერი სათაყვანებლის ზოგადი სახელი, ჯადო, ჯადოქარი, მკითხავი, ეშმაკი ან ის ყველაფერი, რაც ალლაჰმა აკრძალა. ზოგადად, ეს სიტყვა ასოცირდება, ჯადოსთან, ჯადოქართან, მკითხავთან და მსგავს რამმეებთან. იხ. თაფსირულ ბეღავი.
**ორიგინალი – „ალ-ტაღუთ“ (الطاغوت): სიტყვის ფუძის მნიშვნელობაა ურჩობა ან ურჩობის გამომწვევი მიზეზი. ძირითადად გამოიყენება ეშმაკის, კერპის და იმ ყველაფერის აღსანიშნავად, რაც ადამიანს ღვთისკენ მიმავალ გზაზე ეღობება და ღვთის ნაცვლად მის მორჩილებას ავალებს, ან რაც შეიძლება გახდეს ზღვარგადასულობისა და ურჩობის მიზეზი.
ეგენი არიან ისინი, ვინც ალლაჰმა დაწყევლა და ალლაჰმა ვინც დაწყევლოს, მისთვის ვერავინ ჰპოვო დამხმარედ.
ან იქნებ წილი ეკუთვნით ხელმწიფებაში? – ასე რომ ყოფილიყო, ხალხისთვის ნაყირსაც* კი არ გაიმეტებდნენ.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ნაყიირ“ (النقير): ფინიკის კურკაზე არსებული პატარა წერტილი, საიდანაც კვირტი იწყებს გაღვივებას და შემდეგ ყლორტი აღმოცენდება. 49-ე აიათის მსგავსად, აქაც ზომით, წონითა და ღირებულებით ძალიან პატარა და უმნიშვნელო რამეზეა საუბარი, ოღონდ ნაყირი ფეთილთან შედარებით კიდევ უფრო პატარა ნაწილია ფინიკის კურკისა. ანუ მთელი სამყაროს ხელმწიფება რომ იყოს ურწმუნოთა ხელში, იქიდან მორწმუნეთათვის ასეთ პატარა და უმნიშვნელო ნაწილსაც კი არ გაიმეტებენ.
ან იქნებ შურთ ხალხისა, იმის გამო, რაც ალლაჰმა თავისი წყალობიდან მიჰმადლა? ჭეშმარიტად, იბრაჰიმის მოდგმას ჩვენ წიგნი და სიბრძნე მივეცით და უზარმაზარი ხელმწიფებაც ვუბოძეთ.
მათგან არიან, ვინც ირწმუნეს იგი და მათგან არიან ისინი, ვინც ზურგი შეაქციეს. ჯოჯოხეთი საკმარისია მათთვის (ურწმუნოებისთვის) აგიზგიზებული ცეცხლით.
ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები/სასწაულები, – ბოლოს მათ ცეცხლში შევიყვანთ; ყოველ ჯერზე, როგორც კი კანი დაეწვებათ, ახალი კანით ჩავუნაცვლებთ, რათა კარგად იგემონ მათი სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ძლევამოსილი.
ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, მათ შევიყვანთ სამოთხეებში, რომლთა ქვეშაც – დიან მდინარენი. იქ იქნებიან მარადჟამს. იქ არიან მათთვის უმწიკვლო მეუღლეები და ჩრდილში შევიყვანთ – მარადიულ საჩრდილობელში.
ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ამანათი პატრონს დაუბრუნოთ და როცა ადამიანებს შორის მსაჯულობთ, სამართლიანად იმსაჯულეთ. მართლაც, რა მშვენიერია ის, რითაც ალლაჰი შეგაგონებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მხედველია*.
____________________
*ქააბას წმინდა სამლოცველოს მოვლა-პატრონობა და ჰაჯების გამასპინძლება წარმართი არაბებისთვისაც წმინდა და საპატიო საქმედ ითვლებოდა. ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებული მოვალეობები ყურეიშელთა გვარებს შორის იყო გადანაწილებული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქააბას აღების პერიოდში (სიდანე) ქააბას მზრუნველობა და მისი გასაღები ოსმან ბინ ტალჰას ხელში იყო. როდესაც შუამავალი ﷺ მექქაში შევიდა, ოსმანმა ქააბას კარები ჩაკეტა და შუამავლის ﷺ შიგნით შეშვებას არ აპირებდა. შუამავალმა ﷺ ქააბას გასაღები რომ ითხოვა, ოსმანმა ასე თქვა: რომ მცოდნოდა, რომ ის მართლაც ალლაჰის შუამავალია, მაშინ ქააბას შიგნით შესვლაზე ხელს არ შევუშლიდი. ამ დროს ‘ალი ბინ აბუტალიბი მასთან მივიდა, გასაღები ხელიდან ძალად გამოგლიჯა, ქააბას კარები გახსნა და შუამავალი ﷺ შიგნით შეუშვა. შუამავალმა ﷺ ქააბას შიგნით ორი მუხლი ნამაზი შეასრულა და ისევ გამოვიდა, გარეთ გამოსულ შუამავალს თავისმა ბიძამ აბბასმა სთხოვა, რომ ქააბას გასაღები მისთვის გადაეცა. ის ამ დროს (სიყაე) ჰაჯების დაწყურებით იყო პასუხისმგებელი და უნდოდა ქააბას მოვლა-პატრონობის საქმეც მას ეკისრა. ამ დროს ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა, რაზეც ალლაჰის შუამავალმა ﷺ ოსმანისთვის გასაღების დაბრუნებისა და ბოდიშის მოხდის ბრძანება გასცა. ‘ალი ბინ აბუ ტალიბი ასეც მოიქცა, ოსმანმა კი მას ასე უთხრა: ჯერ უხეშად მომექეცი, დამამცირე და ახლა მოხვედი და ბოდიშს მიხდი? ‘ალი ბინ აბუ ტალიბმა უთხრა, რომ ალლაჰმა შენს შესახებ ყურანის აიათი ჩამოავლინაო და აღნიშნული აიათი წაუკითხა. ამაზე ოსმანმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ეშჰედუ ელლაა ილააჰე ილლელლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ“ (ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი შუამავალია). ამგვარად, ქააბას გასაღები მასთან დარჩა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გასაღები მის ძმას გადაეცა და ასე გადაეცემათ მათ შთამომავლობას თაობიდან თაობაზე ქააბას მოვლა-პატრონობის წმინდა სამსახური. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და თქვენ შორის მყოფ მეთაურებს*, ხოლო თუ რომელიმე საკითხში უთანხმოება მოგივიდეთ, მაშინ ალლაჰთან და მის შუამავალთან მიიტანეთ იგი. თუკი გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უფრო ხეირიანი და უმშვენიერესი შედეგის მომტანი იქნება.
____________________
*ყურანის სწავლულთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა მეთაურთა ვინაობასთან დაკავშირებით. ძირითადად გვხვდება ოთხი შეხედულება, რომ აქ ისინი არიან: 1. მმართველები 2. სწავლულები 3. საჰაბეები 4. აბუ ბექირი და ომარი. იხ. თაფსირუ ტაბერი.
განა ვერ ხედავ იმათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწამთ ის, რაც შენ ჩამოგევლინა და რაც ჩამოევლინათ შენზე ადრე? მათ უნდათ, რომ ტაღუთის წინაშე განისაჯონ*, არადა მისი უარყოფა ქონდათ ნაბრძანები. ეშმაკს უნდა, რომ სწორი გზიდან შორს გადაიყვანოს, გზააბნევაში**.
____________________
*ტაღუთთან ეძებენ სამართალს.
**გადმოცემის თანახმად, მედინაში ერთ-ერთ იუდეველსა და მუნააფიყს (ფარისეველს) უთანხმოება მოუხდათ, სადავო საკითხის მოსაგვარებლად მსაჯულთან მისვლა და პრობლემის მოგვარება იყო საჭირო. იუდეველს უნდოდა, მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მისულიყვნენ და მსაჯულობისთვის მიემართათ, რადგანაც იცოდა, რომ ის სამართლიანობიდან არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევდა და არც ქრთამს აიღებდა. მუნააფიყი, იუდეველის შემოთავაზებას არ თანხმდებოდა და საკითხის ერთ-ერთი იუდეველის წინაშე განხილვას ითხოვდა, რადგანაც იცოდა, რომ იუდეველი მსაჯული ქრთამს აიღებდა და მის მოსყიდვას შეძლებდა. ბოლოს ორივენი იუდეველის მსაჯულობაზე შეთანხმდნენ. ამ ამბის შესახებ მე–60 და მომდევნო რამდენიმე აიათი ჩამოევლინა.
აიათი კონკრეტული მოვლენის შესახებ ჩამოევლინა, თუმცა ის ზოგადად ყველას ეხება, ვინც შარიათის დადგენილებებს არ მოიწონებს. კონკრეტულად აიათში „ტაღუთ“-ად მოხსენებულია იუდეველი მსაჯული ქა’ბ ბინ აშრაფი, თუმცა ეს არის ზოგადი ცნება, რითაც შარიათის მართლმსაჯულების მიღმა მყოფი ყველა სხვა ალტერნატივა მოიხსენიება.
ეს აიათი ამავდროულად გვიჩვენებს, რომ გულწრფელი რწმენის დასტური, ალლაჰის შარიათის და მასში არსებული ყოველი ბრძანების მორჩილებაა. ვინც ამტკიცებს, რომ ის არის მორწუნე, თუმცა ალლაჰის გადაწყვეტილებებს ტაღუთის გადაწყვეტილებები ურჩევნია, ის მატყუარაა.
როცა ეტყვიან: მოდით იმასთან, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, და შუამავალთანო, მაშინ დაინახავ, თუ როგორ იბრუნებენ პირს შენგან და გაგეცლებიან – ფარისეველნი.
და რა იქნება მაშინ, როცა განსაცდელი ეწევათ იმის გამო, რაც ჩაიდინეს მათმა ხელებმა; შემდეგ შენთან მოვლენ და ალლაჰის დაფიცებას დაიწყებენ, რომ ჩვენ ამით სხვა არაფერი გვსურდა, გარდა სიკეთისა და თანხმობისაო?
ეგენი არიან, რომელთა შესახებაც იცის ალლაჰმა, თუ რა არის მათ გულებში. მაშ, მოერიდე მათ, შეაგონე და სულშიჩამწვდომი სიტყვა უთხარი.
ჩვენ ყველა შუამავალი მხოლოდ იმისთვის წარმოვგზავნეთ, რომ ალლაჰის ნებით მას დამორჩილებოდნენ. როცა ისინი (ფარისეველნი) უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, – მაშინვე რომ შენთან მოსულიყვნენ და ალლაჰისთვის პატიება ეთხოვათ, და შუამავალიც რომ მათი პატიებისთვის ვედრებას აღავლენდა, ისინი უთუოდ ჰპოვებდნენ ალლაჰს – მონანულთა უსაზღვროდ მპატიებელს, მწყალობელს.
– არა და არა! ვფიცავ შენს ღმერთს, რომ ისე ვერ ირწმუნებენ, სანამ არ აგირჩევენ მსაჯულად იმაში, რაშიც უთანხმოებაა მათ შორის, და სანამ სავსებით არ დამორჩილდებიან შენ მიერ მიღებულ განაჩენს ისე, რომ მცირედი საჭოჭმანოც ვერ ჰპოვონ თავიანთ გულებში.
თუნდაც დაგვეკისრა მათთვის, რომ დახოცეთ* ერთმანეთი ან მიატოვეთ თქვენი სამშობლოო, ამას მცირედის გარდა არცერთი მათგანი არ იზამდა. რა რჩევებსაც ღებულობდნენ** ისინი, მართლაც რომ შეესრულებინათ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხეირი და სიმტკიცე იქნებოდა ეს მათთვის.
____________________
*როგორც მუსა შუამავლის დროს ისრაელის მოდგმას ვუბრძანეთ: მათ, ვინც არ ყოფილან ხბოს მოთაყვანენი, – სიკვდილით დასაჯონ ისინი, ვინც იყვნენ ხბოს მოთაყვანენი.
**შუმავლის მორჩილებისა და ტაღუთის უარყოფის შესახებ.
და მაშინ ჩვენი წიაღიდან აუცილებლად მივაგებდით მათ უდიდეს ჯილდოს (სამოთხეს).
და უთუოდ, სწორი გზით დავაკვალიანებდით მათ.
ხოლო ვინც მორჩილია ალლაჰისა და შუამავლისა, სწორედ ეგენი იქნებიან იმათთან ერთად, ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა: მაცნეებთან, ერთგულებთან, შეჰიდებთან და სათნოებთან. რა მშვენიერი თანმხლებნი არიან ისინი*.
____________________
*ერთი კაცი მაცნესთან ﷺ მივიდა და უთხრა: „ო, ალლაჰის შუამავალო! ალლაჰს ვფიცავ, მე შენ საკუთარ სულზე მეტად მიყვარხარ. ჭეშმარიტად, მე შენ ჩემს მეუღლეზე და ქონებაზე მეტად მიყვარხარ, შენ ჩემთვის ჩემს შვილზე უფრო საყვარელი ხარ. როცა სახლში ვარ და შენ მახსენდები, შენთან თუ არ მოვედი და არ შემოგხედე, ისე ვერ ვძლებ. მახსენდება, რომ ერთ დღეს მეც მოვკვდები და შენც. ვიცი, შენ რომ სამოთხეში შეხვალ, მაცნეებთან ამაღლდები. ამიტომ ვშიშობ (და გული მწყდება), რომ სამოთხეში თუ შევედი, იქ ვეღარ შევძლებ შენს დანახვას“. რასაც მოყვა აღნიშნული აიათის ჩამოვლინება (ტაბერანი, მუ’ჯემუ’ს-საღიირ, ჰ.ნ. 52.).
ესაა მადლი ალლაჰისა და კმარა ალლაჰი ყოვლისმცოდნედ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! (საბრძოლო მზადყოფნა და) სიფრთხილე მოიკრიბეთ და (მტრის წინააღმდეგ) ჯგუფ-ჯგუფად გაემართეთ ან ერთიანად გაეშურეთ.
უეჭველად, აუცილებლად იქნება თქვენში ვინმე ისეთი, ვინც ფეხს აითრევს (ბრძოლისას). ხოლო თუ უბედურება შეგემთხვათ, მაშინ იტყვის: ჭეშმარიტად, ალლაჰმა წყალობა მოიღო ჩემზე, რომ მათთან ერთად არ ვიყავი იმის მომსწრე.
და თუ წყალობა გხვდათ ალლაჰისგან, მაშინ ისე იტყვის, თითქოს თქვენსა და მას შორის სულაც არ ყოფილიყო სიყვარული: ,,მათთან ერთად რომ ვყოფილიყავი, მეც დიდ წარმატებას მოვიპოვებდი"–ო.
მაშ, ალლაჰის გზაზე იომონ მათ, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებას იმქვეყნიურის ფასად ყიდიან. ხოლო ვინც იომოს ალლაჰის გზაზე და მოკვდეს ან გაიმარჯვოს, – მას მივაგებთ უდიდეს ჯილდოს.
და რა გემართებათ, რომ ალლაჰის გზაზე არ ომობთ მაშინ, როცა უძლური კაცები, ქალები და ბავშვები ამბობენ: ,,ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ ქალაქიდან, რომლის მკვიდრნიც მჩაგვრელები არიან, შენი წიაღიდან მოგვივლინე მხსნელი და შენი წიაღიდანვე დაგვიდგინე დამხმარე."
ისინი, ვინც ირწმუნეს, ალლაჰის გზაზე ომობენ, ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს, ტაღუთის გზაზე ომობენ. მაშ, ეომეთ ეშმაკის მომხრეებს. ჭეშმარიტად, ეშმაკის ხრიკები უსუსურია.
განა ვერ ხედავ იმათ, რომლებსაც უთხრეს: ხელი აიღეთ (ბრძოლაზე), ნამაზი აღასრულეთ და ზექათი გაეცითო. ხოლო როდესაც სავალდებულოდ დადგინდა მათზე ომი, მაშინ, მათ ნაწილს ისე შეეშინდათ ხალხის, როგორც ალლაჰისა ეშინოდათ, ან უფრო ძლიერმა შიშმა შეიპყრო, და თქვეს: ,,ღმერთო ჩვენო! რატომ დაგვიდგინე ომი სავალდებულოდ? ნეტავ ახლო მომავლამდე გადაგევადებინა იგი ჩვენთვის*''. უთხარი: ამქვეყნიური სარგებელი მცირეა, ხოლო იმქვეყნიური უმჯობესია მისთვის, ვინც ღვთისმოშიშია, ხოლო თქვენ ფეთილისოდენა** უსამართლობასაც კი არ გადაეყრებით.
____________________
*ზოგი მუსლიმი ისლამის პირველ წლებში წარმართებს გამომწვევად ელაპარაკებოდნენ და ალლაჰის შუამავალს ეუბნებოდნენ: ო, ალლაჰის შუამავალო ﷺ, მათ წინააღმდეგ ბძოლის ნება მოგვეცი, რადგანაც ისინი თავიანთი სიტყვითა და საქმით გვაწუხებენ. შუამავალი ﷺ მათ ასე პასუხობდა: ბრძოლაზე ხელი აიღეთ, რამეთუ მე მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბრძანება არ მიმიღია. ჰიჯრეთის შემდეგ, როდესაც ალლაჰმა მუშრიქების წინააღმდეგ ბრძოლისა და თავდაცვის შესახებ აიათები ჩამოავლინა, ზოგიერთებს ამგვარი ბრძანება ერთულათ და წუწუნი დაიწყეს, ღმერთმა ბრძოლის ვალდებულება რატომ დაგვიწესაო. იხ. თაფისრუ ბეღავი.
**ორიგინალი „ალ-ფეთიილ“ (الفتيل) ფინიკის კურკის ღარში გადაკრული წვრილი ძაფია, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი წონა, მოცულობა და ღირბულება არ გააჩნია. აიათი გვეუბნება რომ ისინი იოტისოდენა უსამართლობასაც კი არ გადაეყრებიან.
სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მაინც მოგწვდებათ, – თუნდაც მტკიცე და მაღალ ციხესიმაგრეებში... – და თუ სიკეთე ხვდათ, ამბობენ: ,,ეს ალლაჰისგანაა"; ხოლო თუ უბედურება შეემთხვათ, მაშინ ამბობენ: ,,ეს შენი ბრალია (მუჰამმედ)''. უთხარი: ყველაფერი ალლაჰისგანაა. რა ჭირს ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ სიტყვის შესმენას.
– ,,რა სიკეთეც გხვდა, ალლაჰისგანაა, ხოლო რა უბედურებაც შეგემთხვა, – შენგან": ჩვენ წარგგზავნეთ შუამავლად ხალხისთვის და კმარა მოწმედ ალლაჰი*.
____________________
*ზოგიერთმა სწავლულმა ეს აიათი ასე ახსნა: ,,რა ჭირს ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ სიტყვის შესმენას და კიდევ ამბობენ, რომ რა სიკეთეც გხვდა, ალლაჰისგანაა, ხოლო რა უბედურებაც შეგემთხვა – შენგანო? იხ. თავფისრუ ყურტუბი.
ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, ის უთუოდ, მორჩილია ალლაჰისა, ხოლო ვინც პირს იბრუნებს, – რა თქმა უნდა, ჩვენ არ წარმოგვიგზავნიხარ მათ მეთვალყურედ.
(ფარისეველნი) მორჩილებას გიცხადებენ, მაგრამ როცა შენგან მიდიან, მათი ნაწილი სულ სხვას გეგმავს ღამით, ვიდრე შენ ამბობ. ალლაჰი იწერს ყველაფერს, რასაც ისინი ღამით გეგმავენ. მაშ, განუდექი მათ და ალლაჰს მიენდე... და კმარა ალლაჰი ვექილად.
ნუთუ ყურანს არ გაიაზრებენ? იგი სხვაგნიდან რომ მოსულიყო, გარდა ალლაჰისა, – აუცილებლად ჰპოვებდნენ უამრავ შეუსაბამობას.
და როცა რაიმე ცნობა აღწევს მათთან უსაფრთხოების ან საფრთხის შესახებ, – მაშინვე ავრცელებენ მას*. მაგრამ შუამავალთან ან თავიანთ მმართველებთან (სწავლულებთან) რომ მიეტანათ იგი, უთუოდ დაკვალიანდებოდნენ** ისინი, რომლებსაც მისი სათანადო შეფასების უნარი გააჩნიათ. ალლაჰის სიკეთე და წყალობა რომ არ ყოფილიყო თქვენზე, უთუოდ ეშმაკს გაჰყვებოდით, გარდა მცირედისა.
____________________
*მუნააფიყები ყველა ახალ ამბავს მოურიდებლად ავრცელებდნენ ხალხში ისე, რომ არც მის სიმართლეს ამოწმებდნენ და არც იმას კითხულობდნენ, ეს ინფორმაცია საიდუმლო ხომ არ იყო.
**შუამავალი, მმართველები ან სწავლულები სწორ დარიგებებს მისცემდნენ მათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
მაშ, იბრძოლე ალლაჰის გზაზე; არავინ აიძულო, გარდა საკუთარი თავისა, და შეაგულიანე მორწმუნეები (საბრძოლველად)! რა თქმა უნდა, შეაკავებს ალლაჰი მათ ძალას, რომელთაც არ ირწმუნეს. ალლაჰი ყველაზე დიდი ძალისა და სასჯელის მქონეა.
ვინც კეთილად იშუამდგომლებს, მას ხვედრი ექნება მისგან; ხოლო ვინც ბოროტად იშუამდგომლებს, მასაც ექნება წილი*. უზენაესი ალლაჰი ყოვლისმხედველია.
____________________
*იბნი აბბასმა თქვა: კეთილი შუამდგომლობა, ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამოსწორების მცდელობაა; ხოლო ბოროტი შუამდგომლობა, ადამიანებს შორის ხმების მიტან – მოტანაა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
და როცა გესალმებიან, თქვენ უკეთესად მიესალმეთ ან იგივენაირად. ჭეშმარიტად, ალლაჰი აღმრიცხველია ყოველივესი.
ალლაჰი... – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, – აუცილებლად შეგკრებთ იგი განკითხვის დღეს, რაშიც ეჭვი არ არსებობს... და ვინაა ალლაჰზე უფრო სიტყვა–მართალი?
და რა გემართებათ, რომ ფარისევლებთან მიმართებაში ორ ჯგუფად იყოფით? ალლაჰმა უკუაქცია ისინი იმისთვის, რაც მათ მოიხვეჭეს*. გინდათ, რომ სწორ გზაზე დააყენოთ ის, ვინც გზას ააცდინა ალლაჰმა? ვისაც ააცდენს ალლაჰი, (შენ) ვერანაირ გამოსავალს გამონახავ იმათთვის!**
____________________
*თავიანთი ფარისევლური მოქმედებების გამო ალლაჰის წინაშე ურწმუნოებად შეფასდნენ.
**არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ ვის შესახებ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს აიათი იმ მუნააფიყების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც უჰუდის ბრძოლას თავი დაარიდეს და შუა გზიდან უკან მიბრუნდნენ. ბრძოლის დასრულების შემდეგ საჰაბეთა ნაწილი მათ წინააღმდეგ გალაშქრების მომხრე იყო, რადგანაც ისინი მუნაფიყებად მიაჩნდათ; ხოლო მეორე ნაწილი მათი პატიების მომხრე იყო, რადგანაც ისინი მხოლოდ სიტყვიერად ამბობდნენ, რომ მუსლიმები ვართო. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ეს აიათი ყურეიშელთა შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც მედინაში ჩავიდნენ და ისლამი მიიღეს. ხანმოკლე მუსლიმანობის შემდეგ ისლამი უარყვეს, თუმცა შუამავალს ﷺ მათი გულის ზრახვები არ გაუმხილეს და ვაჭრობის მიზნით მექქაში დაბრუნების ნება სთხოვეს. მექქაში დაბრუნებულებმა მედინაში აღარ დაბრუნდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მედინელ მუსლიმებთან ამბავი მივიდა, რომ აღნიშნული ხალხი სავაჭრო ქარავნით შამის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. ამასთან დაკავშირებით მუსლიმები ბჭობდნენ, თუ როგორი დამოკიდებულება ქონოდათ მათ მიმართ: ნაწილი ამბობდა, რომ თავს დავესხათ, დავხოცოთ და მათი ქონება ნადავლის სახით წამოვიღოთო; მეორე ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ როგორ უნდა დახოცოთ თქვენი თანამორწმუნეები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ არ მიატოვეს თავიანთი სამშობლო და ჰიჯრეთი არ გააკეთესო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
– ნატრობენ, ნეტა თქვენც ურწმუნოდ გადაიქცეთ, როგორც თვითონ არ ირწმუნეს, და იყოთ მათი თანასწორნი. ამიტომ არავინ აიყვანოთ მათგან მეგობრად, ვიდრე ჰიჯრას* არ გააკეთებენ ალლაჰის გზაზე, ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ შეიპყარით და დახოცეთ, სადაც წააწყდებით. არც მეგობარი იყოლიოთ მათგან და არც დამხმარე.
____________________
*'იქრიმემ თქვა, აქ სულ სხვა ჰიჯრეთი იგულისხმებაო და განმარტა: 1. ჰიჯრეთი ისლამის პირველ წლებში. 2. მოთმინებითა და სამაგიეროს ალლაჰისგან მოლოდინით ალლაჰის შუამავალთან ერთად საბრძოლველად წასვლა. ამ აიათში სწორედ ეს იგულისხმება. ეს აიათი, ამავდროულად, მორწმუნეებს მუნააფიყებთან მეგობრობას უკრძალავს, ვიდრე ისინი მორწმუნეებთან ერთად ალლაჰის გზაზე ბრძოლისთვის არ გაეშურებიან. 3. მორალური ჰიჯრეთი, რომელიც ყველა მუსლიმს მოეთხოვება. ესაა ყოველგვარი ბოროტისგან განდეგილობა, როგორც ბრძანებს მუჰამმედ შუამავალი ﷺ: „მუჰაჯირი არის ის, ვინც ზურგი აქცია იმ ყველაფერს, რაც ალლაჰმა აუკრძალა მას.“ (ბუხარი, იმან 4/10.) იხ. თაფსირუ ბეღავი.
– გარდა იმათი, რომლებიც თავს აფარებენ ხალხს, რომლებთანაც (სამშვიდობო) შეთანხმება გაქვთ, ან იმათი, რომლებიც მოვიდნენ და გული არ მიუდით ომზე თქვენთან ან თავიანთ ხალხთან. ალლაჰს რომ ენება, ისინი უთუოდ გაძლიერდებოდნენ თქვენზე და გეომებოდნენ კიდეც*. ამიტომ, თუკი გაგეცლებიან, ხელს აიღებენ ომზე თქვენს წინააღმდეგ და მშვიდობას შემოგთავაზებენ, – ალლაჰი არ გაძლევთ გზას მათ წინააღმდეგ (საბრძოლველად).
____________________
*ალლაჰის ნებით, მუშრიქების გაძლიერებისა და მუსლიმებზე გამარჯვების მიზეზი მუსლიმებს შორის გავრცელებული უკეთურებებისა და ღვთის მიმართ სიურჩის სასჯელია, ან კიდევ მათი გამოცდა. იხ. ყურტუბი, ალ-ჯაამი’უ ლი აჰქაამი’ლ-ყუ'რაან.
ასევე ჰპოვებთ სხვებს, რომლებსაც უსაფრთხოება სურთ – თქვენგანაც და თავიანთი ხალხისგანაც. ყოველთვის, როცა ფითნასკენ მოუწოდებენ, მაშინვე ცვივდებიან მასში*. თუკი არ გაგეცლებიან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ მოიშლიან ხელის აღმართვას, მაშინ დაიჭირეთ და იქვე დახოცეთ, სადაც წააწყდებით. სწორედ ეგენი არიან, ვის წინააღმდეგაც აშკარა სამხილი მოგვიცია თქვენთვის**.
____________________
*შირქის ან მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ ვინც მოუწოდებს, ყველას დადებითად პასუხობენ.
**აიათში საუბარია ფარისევლებზე, რომლებიც ერთის მხრივ, მუსლიმებს ეფიცებოდნენ ძმობას და თანამორწმუნეობას, მეორეს მხრივ, მუშრიქებს, რათა ორივე მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისგან გულდამშვიდებულნი ყოფილიყვნენ და ორივე მხარეს არსებული სხვადასხვა სიკეთით თუ პრივილეგიით ადვილად ესარგებლათ. იბნი აბბასის გადმოცემით, აქ ასადისა და ღატაფანის გვარის მუნაფიყებზეა საუბარი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
დაუშვებელია, მორწმუნემ მოკლას მორწმუნე, გარდა შეცდომისა. ხოლო ვინც შეცდომით მოკლას მორწმუნე, მისი ვალია, მორწმუნე მონის გათავისუფლება და (მოკლულის) ოჯახისთვის სისხლის გამოსასყიდის გადახდა, თუკი (მოკლულის ოჯახმა) მოწყალების სახით არ აპატია. ხოლო თუ (მოკლული) იმ ხალხიდანაა, რომელიც თქვენი მტერია, მაგრამ თვითონ მორწმუნეა, მაშინ (მხოლოდ) მორწმუნე მონის გათავისუფლება. ხოლო თუ იმ ხალხიდანაა, რომელთანაც ზავი დაგიდვიათ, მაშინ მისი ოჯახისთვის სისხლის გამოსასყიდის გადახდა და მორწმუნე მონის გათავისუფლება. ხოლო ვისაც არ მოეპოვება (გამოსასყიდის საშუალება), მან ორი თვე უწყვეტლივ იმარხოს, ალლაჰის წინაშე სინანულის ნიშნად. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია.
და ვინც განზრახ მოკლას მორწმუნე, – მისი სასჯელი ჯოჯოხეთია და იქ იქნება მარადჟამს. ალლაჰი გაუწყრა მას, დასწყევლა და უდიდესი სასჯელი გაამზადა მისთვის.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ალლაჰის გზაზე (საბრძოლველად) გაემართებით, კარგად განასხვავეთ (მორწმუნე და ურწმუნო), და ვინც მოგესალმებათ, ამქვეყნიური სარგებლის მიზნით არ უთხრათ მას – შენ არ ხარ მორწმუნეო. ალლაჰის წინაშეა ურიცხვი ალაფი (ნადავლი). ადრე თქვენც ასე იყავით* და შემდეგ ალლაჰმა მადლი მოიღო თქვენზე. ასე რომ, კარგად გაარკვიეთ. ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.
____________________
*ადრე თქვენც გზააბნეულნი იყავით, შემდეგ ისლამი მიიღეთ, მაგრამ თქვენი გვარის ხალხს უმალავდით და მხოლოდ „ლაა ილააჰა ილლალლაჰ“-ის აღიარების გამო მუსლიმები თავიანთ ძმებად გთვლიდნენ. ბოლოს ალლაჰის წყალობით მედინაში გადასახლდით და ისლამი აშკარად განაცხადეთ.
მორწმუნეთა შორის უმიზეზოდ შინ მსხდომნი ვერ უთანასწორდებიან მათ, ვინც ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და სულებით იბრძვიან. თავიანთი ქონებითა და სულით მებრძოლნი – უპირატესჰყო ალლაჰმა შინ მსხდომებზე. ალლაჰმა ორივეს სიკეთე აღუთქვა, თუმცა მებრძოლები შინ მსხდომებთან შედარებით უდიდესი ჯილდოთი უპირატესჰყო.
მისგანაა სხვადასხვა ხარისხი, პატიება და წყალობა. ალლაჰი უსაზღვროდ მიმტევებელი და მწყალობელია.
ჭეშმარიტად, როცა მიიბარეს ანგელოზებმა ისინი, რომლებიც უსამართლონი იყვნენ თავიანთი სულების მიმართ, – ჰკითხეს: რით იყავით დაკავებულნი? მათ თქვეს: უძლურნი ვიყავით დედამიწაზეო. (ანგელოზებმაც) უთხრეს: განა ალლაჰის დედამიწა არ იყო განიერი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით? აი, მათი სამყოფელია ჯოჯოხეთი, და რა ცუდი მისაქციელია იგი.
– გარდა უძლური კაცების, ქალების და ბავშვებისა, რომლებსაც მოხერხება არ ჰყოფნით, რომ რაიმე გზას დაადგნენ.
– აი, მათთვისაა იმედი, რომ ალლაჰი აპატიებს; ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მიმტევებელი.
და ვინც ჰიჯრას გააკეთებს ალლაჰის გზაზე, ის ჰპოვებს დედამიწაზე მრავალ თავშესაფარსა და სიუხვეს; და ვინც თავისი სახლიდან გავა, როგორც ალლაჰისა და მისი შუამავლისკენ მიმავალი მუჰაჯირი, შემდეგ კი (გზაში) სიკვდილი ეწევა, უეჭველად, მისი მადლი ალლაჰზეა; ალლაჰი უსაზღვროდ მიმტევებელია, მწყალობელი.
და როცა ქვეყნად სამოგზაუროდ გაეშურებით, ცოდვა არ დაგედებათ, ნამაზი რომ შეამოკლოთ, თუკი მათ თავდასხმას შიშობთ, რომელთაც არ ირწმუნეს*. ჭეშმარიტად, აშკარად გმტრობენ თქვენ ურწმუნოები.
____________________
*როდესაც აბდულლაჰ ბინ ომარს უთხრეს, რომ წმინდა ყურანში საფრთხის ქვეშ და ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნამაზის შესრულების შესახებ განმარტებები არსებობს, თუმცა მგზავრობისას შესასრულებელი ნამაზის შესახებ ვერაფერს ვპოულობთო, მან ასე უპასუხა: ო, ჩემო ძმიშვილო! უეჭველად, უზენაესმა ალლაჰმა ჩვენთან მუჰამმედი ﷺ წარმოგზავნა, (მანამდე) ჩვენ არაფერი ვიცოდით, ჩვენ მხოლოდ ისე ვიქცევით, როგორც მისგან დავინახეთ. (მუვატტა, ყასრუ სალათ, 2/7)
როცა მათ შორის იქნები და მათთვის ლოცვის წინამძღვრობას დააპირებ, შენთან ერთად ერთი ჯგუფი დადგეს იმათგან, – თან იარაღები ეჭიროთ; როცა სეჯდეს აღავლენენ, შემდეგ თქვენს უკან გადავიდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცავს, მოვიდეს და შენთან ერთად ილოცოს, თან სიფრთხილე იქონიოს და იარაღიც; ურწმუნოები ნატრობენ, რომ ყურადღება მოსწყვიტოთ იარაღსა და საჭირო ნივთებს, რათა მოულოდნელი თავდასხმა მოგიწყონ. ცოდვად არ დაგედებათ, წვიმით ან ავადმყოფობით შეწუხებულნი თუ იარაღს ჩამოიხსნით, მაგრამ სიფრთხილე მაინც გმართებთ*. ჭეშმარიტად, ალლაჰმა დამამცირებელი სასჯელი გაამზადა ურწმუნოებისთვის.
____________________
*ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალს ლოცვის დროს ხმალი ხურმის ხეზე ქონდა ჩამოკიდებული. ურწმუნოთაგან ღავრას ბინ ჰარისი შუამავალთან ﷺ ხმალგაშიშვლებული მივიდა, თავზე დაადგა და უთხრა: ახლა ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? შუამავალმა ﷺ: :ალლაჰიო. ურწმუნოს მოულოდნელად ხელიდან ხმალი დაუვარდა (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ღავრამ ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო და პირქვე დაემხო, თუმცა ვინც დაარტყა, ის უხილავი არსება იყო). შუამავალმა ﷺ ხმალს მაშინვე დასტაცა ხელი და უთხრა: ახლა შენ ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? ღავრამ: იყავი ის, ვინც ბოროტს სიკეთით პასუხობს. შუამავალმა ﷺ უთხრა: დაამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა? მან უთხრა: არა, თუმცა სიტყვას გაძლევ, რომ ამიერიდან შენს წინააღმდეგ აღარ ვიბრძოლებ და არც იმ ხალხის მხარდამჭერი ვიქნები, ვინც შენ გებრძვის. შუამავალმა ﷺ ამ კაცს გზა მისცა და გაუშვა. ის თავის მეგობრებთან მივიდა და უთხრა: მე თქვენთან ადამიანთა შორის ყველაზე კარგისგან მოვდივარ. (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 14929–15190) სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა 102-ე აიათი ჩამოავლინა, სადაც აღწერილია საფრთხის ქვეშ ნამაზის შესრულების წესები.
ხოლო როდესაც (საფთხის ქვეშ) ლოცვას მორჩებით, ახსენეთ ალლაჰი – დგომისას, ჯდომისას თუ მხარზე წამოწოლილნი, და როცა გულს დაიმშვიდებთ უსაფრთხოებით, მაშინ (სრულად) აღავლინეთ ნამაზი. ჭეშმარიტად, განსაზღვრულ დროებში ნამაზი სავალდებულოა მორწმუნეთათვის.
თავს ნუ დაისუსტებთ (მომტრო) ხალხის დევნაში: თქვენ თუ გტკივათ, უთუოდ, მათაც სტკივათ; (მაგრამ) თქვენ გაქვთ ალლაჰისგან იმის მოლოდინი, რისი მოლოდინიც მათ არ გააჩნიათ. ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.
უეჭველად, ჩვენ ეს წიგნი ჩამოგივლინეთ ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის განსაჯო იმით, რაც ალლაჰმა გიჩვენა, და ნუ იქნები მოღალატეთა ქომაგი*.
____________________
*იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, ეს აიათი ერთ-ერთი ენსარელის, ტუ’მე ბინ უვეირიყის შესახებ ჩამოევლინა. აღნიშნული გადმოცემის თანახმად, ტუ’მემ ფარი მოიპარა, ფქვილიან ტომარაში ჩადო და ერთ-ერთ იუდეველთან შეინახა. ფარის პატრონი გზად დაყრილი ფქვილის კვალს გაყვა, ჯერ ტუ’მას კარს მიადგა, მაგრამ ტუ’მას ფარი არ აღმოაჩნდა და თან ალლაჰზე იფიცებოდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბოლოს ფარი იუდეველს აღმოაჩნდა. შუამავალმაც იფიქრა, რომ იუდეველი იყო დამნაშავე, რასაც ამ აიათის ჩამოვლინება მოყვა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
და შესთხოვე ალლაჰს პატიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.
და ნურც მათ დასაცავად გაირჯები, საკუთარ სულებს რომ ღალატობენ. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც ვერაგი და ცოდვილია.
ისინი ხალხს უმალავენ, თუმცა ალლაჰს ვერაფერს დაუმალავენ, რადგან ის მათთანაა (მაშინაც), როცა ღამ–ღამობით ჩუმ–ჩუმად ბჭობენ იმაზე, რაც მისთვის მოუწონარია. ნამდვილად, ალლაჰია ყოვლის გარემომცველი, რასაც ისინი სჩადიან.
დიახ, ცდილობთ, თქვენ დაიცვათ ისინი ამიერ სოფელში, მაგრამ ალლაჰის წინაშე ვინ დაიცავს ან ვინ იქნება მათი ვექილი განკითხვის დღეს?
და ვინც უკეთურებას ჩაიდენს ან უსამართლოდ მოექცევა საკუთარ სულს, – თუ შემდეგ ალლაჰს პატიებას შესთხოვს, ის ალლაჰს ჰპოვებს უსაზღვროდ მპატიებელსა და მწყალობელს.
და ცოდვას ვინც მოიხვეჭს, – იგი მხოლოდ თავისი სულის საწინააღმდეგოდ მოიხვეჭს. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია.
და ვინც შეცდომას დაუშვებს ან ცოდვას ჩაიდენს, შემდეგ კი უდანაშაულოს გადააბრალებს, უეჭველად, იგი ცილისწამებასა და ცხად ცოდვას იტვირთავს.
ალლაჰის მადლი და წყალობა რომ არა შენდამი, – მათ ერთ ჯგუფს შენი ცდუნება მართლაც ეწადა, მაგრამ სხვას ვერავის შეაცდენენ, გარდა საკუთარი სულისა, და ვერც ვერაფერს გავნებენ. ალლაჰმა შენ წიგნი და სიბრძნე* ჩამოგივლინა და გასწავლა ის, რაც არ იცოდი... და მადლი ალლაჰისა უდიდესია შენდამი.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ჰიქმეთ“ (الحكمة): მისი პირდაპირი შესატყვისია სიბრძნე. სწავლულთა შორის რამდენიმე განსხვავებული აზრი სუფევს ჰიქმეთის რაობასთან დაკავშირებით: 1. დოგმატიკის შემცველი აიათების გარდა დანარჩენი აიათები ყურანიდან, რომლებიც რელიგიურ და ამქვეყნიურ თემებთან დაკავშირებით სასარგებლო ცნობებს შეიცავენ. 2. ჰიქმეთი არის სუნნეთი 3. ვაჰის გაგებისა და პრაქტიკაში გატარების უნარი 4. შუამავლისთვის დამახასიათებელი აზროვნებისა და განსჯის უნარი 5. შარიათისეული დადგენილებების ცოდნა და ყველაფრისათვის შესაბამისი ადგილისა და თანრიგის მინიჭება.
უხეიროა მათ საიდუმლო ბჭობათაგან უმეტესობა, გარდა იმისა, ვინც ადამიანებს მოწყალების გაღების, ან სიკეთის კეთების, ან კიდევ ურთიერთობების გამოსწორებისკენ* მოუწოდებს, და ვინც ამას ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით გააკეთებს, ჩვენ მას უდიდეს ჯილდოს მივაგებთ.
____________________
*ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „მატყუარა არ არის ის, ვინც ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსასწორებლად კარგს ამბობს ან კარგი ამბების მიმტან-მომტანია.“ (მუსლიმ, ბირრ ვე სილა, 27/2605.)
და ვინც შუამავალს შეეცილოს, მას შემდეგ, რაც უკვე გაცხადდა მისთვის გზა ჭეშმარიტი, და გაუყვეს იმ გზას, რომელიც არ არის მორწმუნეებისა, – მივაქცევთ მას იქით, საითკენაც გეზი აიღო და შევუძახებთ ჯოჯოხეთში... და რა ცუდი სამყოფელია იგი.
ჭეშმარიტად, არ აპატიებს ალლაჰი, როცა მას უთანაზიარებენ, ამის გარდა კი ყველაფერს პატიობს მათ, ვისაც მოისურვებს, და ვინც ალლაჰს უთანაზიარა, მან მართლაც დიდი ცილობით გადასცდა სწორი გზიდან.
მხოლოდ ქალღმერთებს ეთაყვანებიან, ნაცვლად მისი (ალლაჰისა), და მხოლოდ უტიფარ ეშმაკს ევედრებიან.
დასწყევლა იგი (ეშმაკი) ალლაჰმა, მან კი მიუგო: გარკვეულ ხვედრს აუცილებლად მივიღებ შენს მსახურთაგან;
– ვაცდუნებ მათ აუცილებლად, გავართობ ამქვეყნიური ოცნებებით, ვუბრძანებ, რომ ყურები დააჭრან საქონელს და სახე უცვალონ ალლაჰის ქმნილებას... და ვინც ეშმაკი აირჩია მფარველად, ნაცვლად ალლაჰისა, სწორედ მან წააგო ცხადი წაგებით.
– აბრმავებს მათ ოცნებებით და დაპირებებით, მაგრამ ეშმაკი (სინამდვილეში) სხვა არაფერს ჰპირდება, გარდა მოტყუებისა.
სწორედ იმათი სამყოფელია ჯოჯოხეთი და გასაქცევსაც ვერ ნახავენ იქიდან.
და მათ, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, სამოთხეებში შევიყვანთ, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი, და იქ იქნებიან მარადჟამს. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა... და ვინ არის ალლაჰზე უფრო სიტყვამართალი?!
არც თქვენი ოცნებით და არც წიგნბოძებულთა ოცნებით*, არამედ: ვინც უკეთურებას გააკეთებს, მას მიეზღვება – იგივე, და ვერც მფარველს ჰპოვებს და ვერც დამხმარეს, გარდა ალლაჰისა.
____________________
*აიათი ცხადყოფს, რომ სამოთხეში მოხვედრა არც მარტო ოცნებით იქნება და არც ცარიელი სიტყვებით, არამედ საქმით დამსახურებაა მთავარი. მასრუყი, ყათადა და დაჰჰაქი გადმოგვცემენ, რომ აიათი ჩამოევლინა წიგნბოძებულთა და მუსლიმთა საპასუხოდ, რომლებიც თავიანთი სარწმუნოებით იკვეხნიდნენ და უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდნენ. წიგნბოძებულებმა თქვეს: ჩვენი შუამავალი თქვენს შუამავალზე ადრე იყო, ასევე, ჩვენი წიგნი თქვენს წიგნზე ადრეა ჩამოვლენილი, ამიტომ ჩვენ უფრო უპირატესნი ვართ ალლაჰის წინაშეო. მუსლიმებმა უპასუხეს: ჩვენი შუამავალი ბოლო შუამავალია, ჩვენმა წიგნმა გააუქმა სხვა დანარჩენი წიგნები, ჩვენ თქვენი წიგნიც გვწამს, მაგრამ თქვენ არ გწამთ ჩვენი წიგნი, ამიტომ ჩვენ უფრო უპირატესნი ვართო. მუჯაჰიდმა თქვა: წიგნბოძებულებმა თქვეს: ,,ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა გათვლილი დღეებისა“; მათ ეკუთვნით შემდეგი სიტყვებიც: „ვერავინ შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინცაა იუდეველი ან ნაზარეველი“–ო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ხოლო ყოველი კაცი თუ ქალი, ვინც სიკეთეს გააკეთებს და მორწმუნეც იქნება, სწორედ ეგენი შევლენ სამოთხეში, და ნაყირისოდენა უსამართლობასაც* არ გადაეყრებიან.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ნაყიირ“ (النقير): ფინიკის კურკაზე არსებული პატარა წერტილი, საიდანაც კვირტი იწყებს გაღვივებას და შემდეგ ყლორტი აღმოცენდება, ანუ ზომით, წონით და ღირებულებით ძალიან პატარა და უმნიშვნელო რამ. მთელი სამყაროს ხელმწიფება ურწმუნოთა ხელში რომ იყოს, იქიდან მორწმუნეთათვის ასეთ პატარა და უმნიშვნელო ნაწილსაც კი არ გაიმეტებენო.ამავე აიათში ისიც ცხადად ჩანს, რომ იმქვეყნიური ანაზღაურება კაცსა და ქალს ექნებათ უნაკლოდ, – ამქვენად გაკეთებული სიკეთის და არა სქესის მიხედვით.
მაშ, ვინაა იმაზე უკეთესი სარწმუნოების მქონე, ვინც ალლაჰს დაუმორჩილა მთელი თავისი პიროვნულობა, კეთილისმქმნელია და გაჰყვა ჰანიფი* იბრაჰიმის რჯულს? და იბრაჰიმი ალლაჰმა აირჩია მეგობრად.
____________________
*ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისა და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და ალლაჰია ყველაფრის გარემომცველი.
განმარტებას გთხოვენ ქალების შესახებ, – უთხარი: ალლაჰი განგიმარტავთ მათ შესახებ და იმაზეც, რაც წიგნში გეკითხებათ –ობოლი ქალების შესახებ, რომლებსაც არ აძლევთ იმას, რაც დაგეკისრათ და ისე ცდილობთ მათ შერთვას, და უძლური ბავშვების შესახებაც, – სამართლიანი რომ უნდა იყოთ ობლების მიმართ. ხოლო რა სიკეთესაც გააკეთებთ, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა.
და თუ ქალი ქმრისგან თავხედობას ან ზურგის შექცევას შიშობს, მათ არ დაედებათ ცოდვად, თუკი მორიგდებიან და დაზავდებიან; – ზავი უკეთესია. სულებს სიხარბეც თან სდევს ხოლმე. თუ კეთილად მოექცევით და რიდს გამოიჩენთ, ჭეშმარიტად, – იცის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.
თუნდაც მოიწადინოთ, მაინც ვერ შეძლებთ ცოლების მიმართ სამართლიანად მოქცევას, ამიტომ არ გადაიხაროთ მთელი ლტოლვით ერთისკენ და არ მიატოვოთ მეორე, როგორც უგულებელყოფილი. თუკი მორიგდებით და რიდს გამოიჩენთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელი და მწყალობელია.
და თუ გაიყრებიან, – ორივე მათგანს სიმდიდრეს უწყალობებს ალლაჰი თავისი სიუხვიდან. ალლაჰი უუხვესწყალობიანი, ბრძენია.
ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე... – და ჩვენ ვუანდერძეთ მათ, რომლებსაც თქვენზე ადრე მიეცათ წიგნი, და თქვენც, რათა რიდი გქონდეთ ალლაჰისა, და თუ უარყოფთ, ჭეშმარიტად, ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და ალლაჰი ქებულია, ყოვლადმდიდარი.
ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და კმარა ალლაჰი ვექილად.
ეი, ადამიანებო! ის თუ ინებებს, – თქვენ წაგიყვანთ და სხვებს მოიყვანს, – შეუძლია ეს ალლაჰს.
ვისაც ამქვეყნიური კეთილდღეობა სურს, – ალლაჰთანაა კეთილდღეობა – ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც; ალლაჰია ყოვლისმსმენელი და ყოვლისმხედველი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სამართლიანობის აღმდგენი მოწმეები იყავით ალლაჰისთვის, თუნდ იყოთ წინააღმდეგ საკუთარი თავის, ან მშობლების, ან ნათესავების მიმართ, მდიდარი იქნება თუ ღარიბი, – ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან; და არ აჰყვეთ გემოვნებას, რომ არ მოიქცეთ უსამართლოდ; და თუ გაამრუდებთ ან ზურგს აუქცევთ (მოწმობას), ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი ირწმუნეთ, მისი შუამავალი და წიგნი, რომელიც თავის შუამავალს ჩამოუვლინა, და წიგნი, რომელიც ადრე ჩამოავლინა*; ხოლო ვინც არ ირწმუნებს ალლაჰს, მის ანგელოზებს, წიგნებს, შუამავლებსა და უკანასკნელ დღეს, ის მართლაც გადასცდება სწორი გზიდან დიდი ცილობით.
____________________
*დაჰჰაქის განმარტებით, ეს აიათი მოუწოდებს იუდეველებსა და ქრისტიანებს და მისი შინაარსი შემდეგია: „ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ მუსა და ‘ისა, ირწმუნეთ მუჰამმედი და ყურანი!“; მუჯაჰიდის განმარტებით, ეს აიათი მუნააფიყებს (ფარისევლებს) მოუწოდებს და მისი შინაარსი შემდეგია: „ეი თქვენ, რომელნიც ენით გაიძახით, რომ ირწმუნეთ, – გულით ირწმუნეთ!“ ; აბუ ‘ალიეს განმარტებით, ეს აიათი მოუწოდებს მორწმუნეებს და მისი შინაარსი შემდეგია: „ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, იყავით მტკიცენი თქვენს რწმენაში!“ იხ. თაფსირუ ბეღავი.
უეჭველად, იმათ, რომელთაც ირწმუნეს, შემდეგ უარყვეს, შემდეგ ისევ ირწმუნეს, შემდეგ ისევ უარყვეს და შემდეგ გადააჭარბეს ურწმუნოებაში, – არ აპატიებს ალლაჰი და არც გზას გაუკვლევს.
ახარე ფარისევლებს, რომ მათთვისაა მწარე სასჯელი!
მორწმუნეების ნაცვლად რომ ურწმუნოებს იმეგობრებენ, – ნუთუ ისინი ღირსებას ეძებენ მათთან? ჭეშმარიტად, ღირსება – ალლაჰს ეკუთვნის მთლიანად.
მან ამ წიგნში* ნათლად ჩამოგივლინათ, რომ ალლაჰის აიათების უარყოფა და მათი მასხრად აგდება თუ მოგესმებათ, ნუ დასხდებით მათთან ერთად, ვიდრე სხვა საუბრით არ დაკავდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მათნაირი იქნებით. უეჭველად, ალლაჰი ერთად შემკრებია ფარისევლებისა და ურწმუნოებისა – ჯოჯოხეთში.
____________________
*იხ. სურა ენ’ამ, 6/68.
– რომელნიც თქვენს მოლოდინში არიან: ალლაჰისგან თუ გამარჯვება გერგებათ, გეტყვიან: ,,განა თქვენთან ერთად არ ვიყავით?", ხოლო თუკი ურწმუნოებს ერგებათ, მაშინ ეტყვიან: ,,განა თქვენ არ გეხმარებოდით და არ გიცავდით მორწმუნეებისგან?". ალლაჰი განსჯის თქვენს შორის განკითხვის დღეს და ალლაჰი არ მისცემს გზას ურწმუნოებს – მორმუნეთა წინააღმდეგ.
უეჭველად, ფარისევლები ალლაჰს ატყუებენ, მაგრამ ისაა მათი მომტყუებელი*. როცა ნამაზზე დგებიან, – დგებიან ზანტად, ხალხის დასანახად და არ ახსენებენ/იხსენებენ ალლაჰს, გარდა მცირედისა.
____________________
*ფარისევლები თავიანთი ფორმალური რწმენით ალლაჰის მოტყუებას ცდილობენ, მგრამ ვერ ხვდებიან, რომ ალლაჰი ამით არ მოტყუვდება, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ და ამას მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, როდესაც ალლაჰისგან მწარე სასჯელს მიიღებენ.
– მერყევნი არიან – არც ამათკენ და არც იმათკენ. – ვისაც ალლაჰი ააცდენს, ვერანაირ გამოსავალს ვერ ჰპოვებ მისთვის!
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაიმეგობროთ ურწმუნოები მორწმუნეების სანაცვლოდ. ნუთუ გინდათ, ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენს წინააღმდეგ?
უეჭველად, ფარისევლები ყველაზე დაბლა იქნებიან ცეცხლში და ვერ ჰპოვებ მათთვის დამხმარეს.
– გარდა იმათი, რომლებმაც მოინანიეს, გამოასწორეს (თავიანთი საქციელი), ალლაჰს მიეჯაჭვნენ და თავიანთი რწმენა ხალასად მიუძღვნეს ალლაჰს, აი, ისინი იქნებიან მორწმუნეებთან ერთად. შემდეგ ალლაჰი უდიდეს ჯილდოს მიაგებს მორწმუნეებს.
რატომ უნდა დაგსაჯოთ ალლაჰმა, თუკი იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ?! ალლაჰი მადლიერია; ყოვლისმცოდნეა.
Icon